გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აგრარულ საკითხთა კომიტეტში პანდემიის პირობებში საქმიანობის დაგეგმვისა და ზედამხედველობის გაძლიერებაზე იმსჯელეს

1-04-2021

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე - COVID-19 პანდემიის გავლენა სოფლის მეურნეობის დარგზე.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის განცხადებით, შეხვედრა ტარდება USAID/GGI-ის პროექტის ფარგლებში - „საქართველოს პარლამენტის დაგეგმვისა და ზედამხედველობის გაძლიერება პანდემიის პირობებში" და ამ ღონისძიების მიზანია, დაეხმაროს კომიტეტს, მოახდინოს იდენტიფიცირება იმ გამოწვევებისა და პრობლემების, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა აგრარული სფერო პანდემიის დასაწყისიდან დღემდე.

„USAID-ის პროგრამის ფარგლებში კომიტეტს დაეხმარება საკონსულტაციო ჯგუფი, რათა პანდემიის პერიოდში სასოფლო სამეურნეო სექტორში არსებული გამოწვევების სწორი იდენტიფიცირება მოვახდინოთ და ამ გამოწვევებზე სახელმწიფოს და სამინისტროს რეაგირება იყოს სწორი და დროული", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

პროექტის განმახორციელებელია საკონსულტაციო კომპანია "ეგერია სოლუშენსი" და როგორც მისმა წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ამ პროექტის მიზანია არა მხოლოდ აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ზოგადად პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ხელშეწყობა კონკრეტულად კოვიდის კონტექსტში. გამოვლენილი და გაანალიზებული იქნება ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება პანდემიით გამოწვეულ ზიანს, საფრთხეებს, რისკებს, შესაძლებლობებს. ეს თავის მხრივ დაეხმარება კომიტეტს განსაზღვროს სამოქმედო გეგმები რა მიმართულებით უნდა იმუშაოს პანდემიის შედეგების აღმოფხვრისათვის.

შეხვედრაზე Covid-19-ის პანდემიით დაზარალებული კომპანიების ხელშემწყობი ღონისძიებების და დარგში არსებული გამოწვევების თაობაზე ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა. წარმოდგენილი იყო ასევე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია პანდემიის პერიოდში სასურსათო პროდუქციის ფასების ცვლილების სტატისტიკის შესახებ.

შეხვედრა, რომელშიც საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, შეხვედრა იყო ნაყოფიერი და მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება, შეხვედრაზე რამდენიმე საყურადღებო საკითხი დაისვა, რომელზეც კომიტეტი ზედამხედველობას განახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930