6-04-2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილემ სოსო გიორგაძემ სამუშაო შეხვედრა გამართეს ახალგაზრდული ორგანიზაციების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს თავიანთი საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობის გამოცდილებაზე ისაუბრეს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობაში ახალგაზრდობის უფრო მეტ ჩართულობაზე იმსჯელეს.
მინისტრმა საინიციატივო ჯგუფის წევრებს ამ მიმართულებით სამინისტროს პრიორიტეტები და მიზნები გააცნო და აღნიშნა, რომ ყველა ახალგაზრდა, განსაკუთრებით კი 6-15 წლის ასაკის ბავშვები და ახალგაზრდები უფრო მეტი ყურადღების ცენტრში უნდა მოექცნენ, რათა მათ ჰქონდეთ მეტი წვდომა სპორტზე, კულტურაზე და პროფესიონალი ახალგაზრდული მუშაკის მომსახურებაზე.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის, მშვიდობისა და განვითარების აკადემიის, Save the Children საქართველოსა და არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრის „მზიანი სახლის" წარმომადგენლებმა.
სამინისტროში ახალგაზრდული ორგანიზაციების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.