გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა

8-04-2021

ანზორ ერქომაიშვილის აღზრდილების ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მთავრობის შესაბამის დადგენილებაში ცვლილების პროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა.

„მინდა, მივულოცო ანზორ ერქომაიშვილის აღზრდილებს, სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლებს მათი ინიციატივის გაზიარება, რომელიც გულისხმობდა საქართველოს მთავრობის მიერ, კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის, ფოლკლორის ცენტრისთვის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭებას. მათი ინიციატივა მთავრობამ დღეს ერთსულოვნად გაიზიარა. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ასევე ჩემს კოლეგებს და მივულოცო ყველას ეს ახალი ამბავი, განსაკუთრებით კი ბატონი ანზორის ოჯახს, მის მეუღლეს, რომელიც ბატონი ანზორის თანამგზავრი იყო და ხელს უწყობდა მას იმ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და მისი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას ემსახურებოდა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ანზორ ერქომაიშვილი იყო დიდი ქართველი მოღვაწე. მის მიერ ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილი ფასდაუდებელია. მან მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერები მოიძია და გამოსცა; ის გახლდათ ანსამბლების – „რუსთავისა" და „მართვეს" დამაარსებელი. მან არაერთი ნიჭიერი და საამაყო თაობა აღზარდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული გურული ხალხური სიმღერები; მან მიაკვლია 1907 წლიდან 1930 წლამდე შესრულებულ 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრამას და განახორციელა მათი გამოკვლევა და რესტავრაცია; მოიძია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მომღერლები, რომელთა შესრულებითაც 100-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა ჩაიწერა.

ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივითა და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ხელშეწყობით დაარსდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი.

ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობითა და საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს" დაფინანსებით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია".

ანზორ ერქომაიშვილს მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო და პრემია, მათ შორის: ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია. ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ანზორ ერქომაიშვილი დაჯილდოებული იყო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

დიდი ქართველი მოღვაწე, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი მიმდინარე წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლოტბარი ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930