8-04-2021
„მნიშვნელოვანია, რომ თითქმის 11ათასი ჰექტარი მიწა დამატებით ჩაერთვება აქტიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის რესურსებზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
„დარწმუნებული ვარ, მიწის საკუთრებაში გამარტივებულად გადასვლა ფერმერებისთვის და ინვესტორებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას კიდევ უფრო გააქტიურებს. როცა მიწა საკუთრებაშია, უფრო თამადად ხდება მისი გამოყენება, როგორც უზრუნველყოფის საშუალება საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ბანკებთან ურთიერთობისთვის, სახელმწიფო პროგრამებში ჩასართავად. ცვლილება სტიმულია ინტენსიური თანამედროვე მეურნეობების განვითარებისთვის. თითქმის 11 ათასი ჰექტარი მიწა დამატებით ჩაერთვება აქტიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. ჩვენი პოლიტიკა უკავშირდება არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ინტენსიურად გამოყენებას და სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მიწების პრივატიზების პროცესის დაჩქარებას და გააქტიურებას. მთავარი აქტივი, რაც არის სასოფლო-სამეურნეო მიწა, უნდა იყოს კერძო მფლობელობაში, იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკა უფრო სწრაფად განვახორციელოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება. თუ აქამდე გამოსყიდვის უფლება დაშვებული იყო მხოლოდ იჯარით გაცემულ, „სახნავი“ კატეგორიის მიწებზე, ამას ემატება „სათიბი“ კატეგორიაც.