9-04-2021
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 9 აპრილს მათემატიკისა და ფრანგული ენის ტესტირებით დაიწყო და 12 აპრილს ბიოლოგიის ტესტირებით დასრულდება. ტესტირება ტარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით.
მესამე, დასკვნით, ტურში 600 -ზე მეტი მოსწავლე იღებს მონაწილეობას. თითოეულმა მათგანმა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% დააგროვა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.
წელს ოლიმპიადის პირველი ტური, რომელშიც მონაწილეობის სურვილი 30 700 ზე-მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, განსხვავებული ფორმატით, ელექტრონულად, ჩატარდა. ოლიმპიადისათვის დარეგისტრირებულ მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ პროცესში დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით ჩართულიყვნენ. პირველი ტურისგან განსხვავებით, ოლიმპიადის მეორე ტური სკოლებში ჩატარდა და მასში 6000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.
2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.
ოლიმპიადის სამივე ტური ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას. ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.