9-04-2021
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეებმა: მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, სამსახურის წარმომადგენლებთან და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ, 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი, ანტი-საბჭოთა, მშვიდობიანი, საპროტესტო დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც, 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესწილად, ქალები დაიღუპნენ; დაღუპულთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. ყველაზე უმცროსი, ეკა ბეჟანიშვილი, მხოლოდ 15 წლის იყო.
9 აპრილის დარბევის შედეგად, 4 ათასზე მეტმა დემონსტრანტმა, სხვადასხვა სახის ტრამვა მიიღო; დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით კი _ 2000-მდე მოქალაქე მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს, ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. მას შემდეგ, საქართველოს უახლეს ისტორიაში, 9 აპრილი, ეროვნული ტრაგედიისა და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება.
9 აპრილს დაღუპული გმირები:
აზა ადამია, 22 წლის;
ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის;
ეკა ბეჟანიშვილი, 15 წლის
ნატო გიორგაძე, 23 წლის;
თამუნა დოლიძე, 28 წლის;
თინა ენუქიძე, 70 წლის;
ნინო თოიძე, 22 წლის;
ზაირა კიკვიძე, 61 წლის;
მანანა ლოლაძე, 34 წლის
თამარ მამულაშვილი, 50 წლის;
ვენერა მეტრეველი, 45 წლის;
მამუკა ნოზაძე, 21 წლის
ნანა სამარგულიანი, 41 წლის;
შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის;
მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის;
ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის;
თამარ ჭოველიძე, 16 წლის;
ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის;
მზია ჯინჭარაძე, 43 წლის;
მანანა მელქაძე, 26 წლის
გია ქარსელაძე, 25 წლის.