გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში ლიტერატურული კონკურსის „ლიტჰაიკერი“ მეექვსე სეზონი დაიწყო

10-04-2021

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „ლიტჰაიკერი“ მეექვსე სეზონი დაიწყო. პროექტის წლევანდელი პარტნიორია „სულაკაურის გამომცემლობა“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ პროექტით წიგნისმოყვარულ სტუდენტებს ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობის კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს. მისი მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება. წელს კონკურსანტები პროექტისთვის შერჩეული ქართველი ავტორების 10 წიგნს წაიკითხავენ და ამ წიგნებიდან საკონკურსოდ მომზადებულ ტესტებს დაწერენ. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული. მათ გამომცემლობის მიერ დაწესებულ პრიზები და თსუ გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები გადაეცემათ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, მეორე წელია პროექტი ონლაინ ფორმატში ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში სტუდენტები საკონკურსო წიგნების ავტორებსაც შეხვდებიან.

პირველი შეხვედრა 11 აპრილს, 14.00 სთ მწერალ არჩილ ქიქოძესთან გაიმართება.

პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები.

პირველი ტური 17 აპრილს ჩატარდება. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებიც გამომცემლობის მიერ დაწესებულ პრიზებს მიიღებენ. I ადგილი: 500 ლარი და 500-ლარიანი ვაუჩერი, II ადგილი: 300-ლარიანი ვაუჩერი, III ადგილი: 150-ლარიანი ვაუჩერი. ამასთან, გამარჯვებულებს თსუ სამახსოვრო საჩუქრებს და უნივერსიტეტის გამომცემლობის ნაკრებს გადასცემს.

2014 წლიდან პროექტის პარტნიორი გამომცემლობა „პალიტრა L“ იყო (პროექტის სახელი „თაობა L“), 2016 წლიდან - გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ („პლანეტა რიდმორი“), 2020 წლიდან კი პროექტის პარტნიორია „სულაკაურის გამომცემლობა“ („ლიტჰაიკერი“).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930