13-04-2021
პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ს ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში ფეროშენადნობების ახალი საწარმო შეიქმნება, სადაც 100 ადამიანი დასაქმდება.
ამისთვის კომპანია „მანგანეზ ინდასთრის" სახელმწიფოსგან 61506 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა.
პროგრამის ფარგლებში მორიგი საწარმოს პროექტის ხელშეწყობის გადაწყვეტილება, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო.
კომპანია სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ საწარმოს მაქსიმუმ ორი წლის ვადაში შექმნის და ამისთვის არანაკლებ 1 722 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
პროექტი ფეროსილიკომანგანუმის ორი საწარმოო ხაზის შექმნას ითვალისწინებს, რომელთა ჯამური წარმადობა წელიწადში 16 000 ტონა იქნება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, წარმოებული პროდუქცია ძირითადად საექსპორტო ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი, რაც ქვეყანაში მილიონობით დოლარის შემოდინებას უზრუნველყოფს.
მათივე ინფორმაციით, წარმოების ამოქმედება და პროდუქციის ექსპორტის ზრდა პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ცვლადებზე, როგორებიცაა ვალუტის გაცვლითი კურსი, დასაქმება, შრომის პროდუქტიულობის ზრდა, ტექნოლოგიური პროგრესი და ა.შ.
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" რამდენიმე წელია, წარმატებით მიმდინარეობს და მის ფარგლებში ასეულობით ახალი საწარმო იქმნება ან ფართოვდება მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეისთვის პროგრამის როგორც ინდუსტრიული, ასევე ქონების გადაცემის, სასტუმრო ბიზნესისა თუ მიკრო და მცირე მეწარმეობის კომპონენტების მხარდაჭერით ათასობით ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი და ეს პროცესი, პანდემიის მიუხედავად, აქტიურად გრძელდება.