13-04-2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, ვაქცინის დამატებითი დოზების უმოკლეს ვადაში მიღებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბრისას ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მხარეებმა COVID-19-ის პანდემიის კუთხით მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ვითარება მიმოიხილეს და საქართველოში ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი შეაფასეს.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოსთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.