გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რეგიონებში გასვლითი სამუშაო შეხვედრები თეა წულუკიანმა ზუგდიდიდან დაიწყო

14-04-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს ეწვია და მუზეუმში დაცული ექსპონატები, რელიგიური სიწმინდეები დაათვალიერა. თავდაპირველად მინისტრმა "ქართუ" ფონდის მიერ ახლად რეაბილიტირებული ნიკო დადიანის სასახლე მოინახულა და სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, ნიკო დადიანის სასახლის გადარჩენისა და რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს".

თეა წულუკიანმა ასევე დედოფლისეული სასახლე დაათვალიერა , მუზეუმის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მუზეუმში არსებული საჭიროებები მათგან მოისმინა.

თეა წულუკიანმა სასახლის მოქმედ და სხვადასხვა პერიოდში დასაქმებულ თანამშრომლებს საგანძურის, უნიკალური ექსპონატების მოვლა-პატრონობისთვის მადლობა გადაუხადა და სამუზეუმო ფონდის მომავალი თაობებისთვის გადაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სწორედ მათი ერთგულებითა და დაუღალავი შრომის შედეგად, ერთად შევძლებთ, რომ ეს სასახლე ვაქციოთ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბის ერთ-ერთ სამაგალითო და უნიკალურ სამუზეუმო სივრცედ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო დედოფლისეული სასახლის მწვავე ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს და გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დადიანების სასახლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდიამ. მისი თქმით, „მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, რომ დღეს მინისტრი პირადად გაეცნო ყველა იმ პრობლემას, რომელიც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ან რეაბილიტაციის კუთხით ამ სასახლეს სჭირდება. მან ნახა ყველა სივრცე და ჩვენ დავსახეთ გეგმები, როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად".

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ვიზიტი სამინისტროს სისტემაში არსებულ ორგანიზაციებში აქტიურად მიმდინარეობს და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031