გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკაში ევროპის გოგონათა ოლიმპიადის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა

15-04-2021

ევროპის გოგონათა მეათე მათემატიკური ოლიმპიადას (EGMO2021) წელს საქართველომ უმასპინძლა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტში დისტანციურად ჩატარებულ ოლიმპიადაში, რომელშიც 54 ქვეყნის 213 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ანა ონოფრიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე სიტყვით წარსდგა. მინისტრმა ოლიმპიადის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ასეთ ცნობილ და პრესტიჟულ ოლიმპიადაში საკუთარი ძალების მოსინჯვა და გამარჯვების მოპოვება უაღრესად მნიშვნელოვანია.

„მინდა გულითადად მივულოცო ოლიმპიადის გამარჯვებულებს და მონაწილეებს. თქვენი შესაძლებლობები მართლაც გამორჩეულია. აუცილებლად გააგრძელეთ საყვარელ საგანში უნარების კიდევ უფრო გაუმჯობესება. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ მრავალი წარმატება გელით საერთაშორისო თუ ადგილობრივ შეჯიბრებებსა და კონკურსებში,“– მიმართა მიხეილ ჩხენკელმა ოლიმპიადის მონაწილეებს.

მინისტრის თქმით, საამაყოა, რომ ამ ოლიმპიადაში 2016 წლიდან საქართველოს გოგონათა ნაკრებიც იღებს მონაწილეობას და საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებს. ასევე სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო უფლება, წელს ამ მნიშვნელოვანი ოლიმპიადისთვის ემასპინძლა.

მიუხედავად პანდემიისა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმატებით შეძლო მათემატიკაში ევროპის გოგონათა ოლიმპიადის ონლაინ ფორმატში ჩატარება. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მონაწილე 54 ქვეყანა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია EGMO-ს ისტორიაში. საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, ოლიმპიადაზე ორი გუნდის რვა წევრით იყო წარმოდგენილი. ოლიმპიადისმონაწილე გოგონებიდან თხუთმეტმა ოქროს, ოცდასამმა – ვერცხლის, ხოლო ოცდათხუთმეტმა – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930