გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: მოხარული ვარ, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღადგინა

19-04-2021

„მოხარული ვარ, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა" ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღადგინა"- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამის ფონზე ეტაპობრივად მიმდინარეობს ტურისტული სექტორის აღდგენაც.

„დიდი გამოწვევაა პანდემიის მესამე ტალღა, რომელშიც ვიმყოფებით, მაგრამ საკმაოდ დიდი ენერგია დაიხარჯა უსაფრთხოების პროტოკოლებისა და ზომების დანერგვაში. ქუჩებში გამოჩდნენ პირველი ტურისტები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, „ვიზეარმა" - ჩვენმა ცნობილმა პარტნიორმა და დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ უკვე აღადგინა ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში - პირველი რეისი უკვე შესრულდა ვილნიუსიდან, ასევე ვარშავიდან" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, კომპანიის მიერ მაისიდან იგეგმება კიდევ რამდენიმე მიმართულების აღდგენა - მათ შორის, რიგიდან და დორტმუნდიდან. ეტაპობრივად აღდგება სხვა მიმართულებებიც.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ტურიზმის აღდგენის პირველ ტენდენციებს, შევასრულოთ ყველა რეგულაცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ქვეყნის სტუმრებს და არ დავუშვათ ვირუსის იმ დონეზე გავრცელება, რაც მომავალში ხელს შეგვიშლის ტურიზმის სექტორის აღდგენაში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930