გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა გაგვაჩნია

19-04-2021

„ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა გაგვაჩნია იმ მოცემულობით, რომ ჩვენი პარტნიორები კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დააფიქსირებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა, როგორც ეს ასახულია ეუთო/ოდირის საერთაშორისო დასკვნაში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მიღებული გადაწყვეტილებით, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც დემოკრატიულ არჩევნებში ყველაზე მაღალი მხარდაჭერა მოიპოვა.

„გუნდში გვქონდა მსჯელობა და ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა გაგვაჩნია იმ მოცემულობით, რომ ჩვენი პარტნიორები კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დააფიქსირებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა, როგორც ეს ასახულია ეუთო/ოდირის საერთაშორისო დასკვნაში და რისთვისაც ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს უწევთ, ჩაერთონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების პროცესში პარლამენტში იმ აუცილებელი პირობით, რომ მომავალში გამოირიცხება ოპოზიციის მხრიდან რომელიმე სისხლის სამართლებრივი საქმის გადასაწყვეტად პოლიტიკური ჩარევა და ნებისმიერ სადავო საქმეს მიეცემა მხოლოდ სამართლებრივი შეფასებები, რისთვისაც ვიწვევთ საერთაშორისო სამართლებრივ ექსპერტებს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მართლმსაჯულების სისტემაზე, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა და ვითარება თვისობრივად გაუმჯობესდა, ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან ხდებოდა არაობიექტური და მოტივირებული შეტევა.

„ქართული სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემაში დამოუკიდებლობის და სამართლიანობის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა ამ წლების განმავლობაში, რასაც მსოფლიო ბანკის და „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს, რომელშიც საქართველოს სასამართლო სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულში შედის და ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაზე უკეთეს შედეგსაც აჩვენებს, ხოლო საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის - „იფსოს ფრანსის" კვლევით საქართველოს მოსახლეობაში, სასამართლოს მიმართ ნდობა 50%-ზე მაღალია, რაც ევროკავშირის განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებთან ახლოს დგას",- განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე შეფასებით, შეთანხმების დოკუმენტში მოცემული 2/3-ის პრინციპი უნდა დაზუსტდეს და ევროპული პრაქტიკის შესაბამისად ისე უნდა გაიწეროს, რომ არ მოხდეს პროცესში ჩარევა ან მისი ბლოკირება. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, „ქართული ოცნების" მხრიდან პირობების კორექტირება აღარ მოხდება.

„განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი მხრიდან, პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას, ჩვენი მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია და მოვუწოდებთ ოპოზიციას პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდს არ ექნება კრიტიკული შეფასება, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რას წარმოადგენს გიორგი რურუას სისხლის სამართლებრივი საქმე და ცნობილია, რომ ის არ არის პოლიტიკოსი, არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს საარჩევნო ან პოლიტიკურ პროცესზე, მიუხედავად ამისა, ასევე გამოვხატეთ პოზიცია, რომ არ გვექნება კრიტიკული შეფასება, თუ პრეზიდენტი მას შეიწყალებს. ასევე, ცნობილია ის შემოთავაზება, რომელიც გააკეთა მედიატორმა ევროკავშირმა, პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ, ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც არსებობს კონკრეტული შემოთავაზება, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ მმართველი გუნდი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოსაწერად პრინციპულ მზადყოფნას გამოხატავს. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ისიც, რომ „ქართული ოცნება" მზად არის, შეთანხმებას ხელი მოაწეროს დოკუმენტში ასახული არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის 43%-მდე გაზრდის მაჩვენებლის პირობებშიც.

„ თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ კვლავ ერთად და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, ვინაიდან, „ქართულმა ოცნებამ" აჩვენა, რომ მისთვის უმთავრესია თანამოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესები, აჩვენა, რომ ქვეყანაში არის ყველაზე პასუხისმგებლიანი, მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკური ძალა და რასაკვირველია, ჩვენ 40%-იან და 43%-იან ბარიერსაც დამაჯერებლად გადავლახავთ ეფექტური საარჩევნო კამპანიით და იმ იმ კანდიდატებით, რომელთა წარდგენაც ჩვენი მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში მოხდება",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ახლა ის მომენტია, როდესაც მოხდა ლუსტრაცია, თუ ვინ ემსახურება მტრების ინტერესებს და ვინ ცემს პატივს საქართველოს სუვერენულ ინტერესებსა და საზოგადოებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930