20-04-2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში რიგით 33-ე სასწავლო კურსი - „გარემოსდაცვითი მმართველი“ დასრულდა.
სასწავლო პროგრამა, რომელიც 15 მონაწილემ წარმატებით დაასრულა კერძო სექტორისთვის ნარჩენების მართვის სფეროში არსებული ყველა ვალდებულების სწავლებას ითვალისწინებს და როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს. ტრენინგს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები უძღვებიან, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს, ჰყავდეთ კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით გადამზადებული კადრი.
„ნარჩენების მართვის კოდექსით“ კომპანიებს, რომლებიც წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტ არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენს წარმოქმნიან, ეკისრებათ ვალდებულება, ჰყავდეთ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი - გარემოსდაცვითი მმართველი.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით შექმნილ სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ცენტრის მიერ სულ 455 პირია სერტიფიცირებული.