გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ნებისმიერი რისკის მიუხედავად, შემოდგომაზე საქართველოში ჩამოვალ

20-04-2021

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ თვეების მანძილზე ოპოზიცია იბრძვის რიგგარეშე არჩევნებისათვისათვის, რათა ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი.

მისივე განცხადებით, მისთვის უმნიშვნელოვანესია ნიკა მელიას გათავისუფლება ყოველგვარი დამამცირებელი პირობებისა და გაუგებარი გირაოს გარეშე. მან „ნაციონალურ მოძრაობა“-ს მოუწოდა, რომ როგორცკი ნიკა მელია გათავისუფლდება, წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერონ, რადგან მისი თქმით დოკუმენტში არის მეორე მთავარი პუნქტიც, რომელიც შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად, ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე რეფერანდუმს მოიცავს.

„მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას და ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“-ს: მეგობრებო მთელი ეს თვეები ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ მოპარული არჩევნების შედეგები გაუქმდეს და საქართველოში ჩატარდეს ახალი არჩევნები, კანონიერად მშვიდობიანად შეიცვალოს ხელისუფლება არჩევნების გზით, განიმუხტოს უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი და ის სიტუაცია, როდესაც ჩვენი ხალხი არის უკიდურეს გაჭირვებაში ნეპოტიზმის, კორუფციის, უმოქმედობის, უუნარობის და პირდაპირი ძარცვის შედეგად. ჩვენ მივაღწიეთ, რომ ეს თვეები ოპოზიცია ინარჩუნებდა ერთიანობას, მივაღწიეთ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას და მე ძალიან მადლობელი ვარ ამერიკელების და ევროპელების, რომ მათ გულთან მიიტანეს ჩვენი პრობლემები და აქტიური მონაწილეები არიან ამ პროცესის. მე მივესალმები ასევე შარლ მიშელის განსაკუთრებულ როლს. ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს და რა თქმა უნდა ძალიან შორს არის იმისგან, რაც ბოლომდე გადაწყვეტდა კრიზისს. მაგრამ იქ არის ორი მთავარი რამ, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტიის გმირული თავმჯდომარე, ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან ისევე, როგორც გიორგი რურუა. უნდა შეწყდეს პოლიტპატიმრების ნაწილის მიმართ პოლიტიკური დევნა.

ეს უნდა მოხდეს უპირობოდ. ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამცირებელი პირობების და გაუგებარი გირაოს გარეშე, უნდა დატოვოს ისე, როგორც მას სურს. ის იმყოფება იქ უკანონოდ და უდანაშაულოდ. მას შემდეგ, რაც ის ამ პირობებით დატოვებს საპატიმროს, მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოვაწეროთ. ამ შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი, შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად, პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე. 43%-იანი, ძველი კომისიის პირობებში, მაგრამ ეს არის უკვე დაშვება რიგგარეშე არჩევნების და ესაა რეფერენდუმი ივანიშვილის მმართველობაზე. შემოდგომაზე ჩვენ ის უნდა მოვიგოთ ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად.

ამისათვის უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონო და მოპარული არჩევნების შედეგად. გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტიც და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა ბრძოლის ფორმა დემოკრატიულ ფარგლებში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკვეთრი, ქმედუნარიანები, მობილიზებულები.
მინდა გითხრათ შემდეგი გადაწყვეტილების შესახებ. მეც, მიხეილ სააკაშვილი, ამ რეფერენდუმის წინ, წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს, ჩემი სიცოცხლის, თუ თავისუფლების ფასად. მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი.

მე მინდა ყველას მოგიწოდოთ ერთიანობისკენ, ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები, ქართველი ხალხის გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება და რა თქმაუნდა მეც ქართველ ხალხთან ერთად ვდგავარ“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930