გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

20-04-2021

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში, რომელიც წელსაც ვირტუალურ ფორმატში იმართება, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს შეხვდა.


მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები, როგორც გასულ წლებში, ისე კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში. ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა კოვიდ-19-ის პანდემიაზე სტრატეგიული რეაგირების ჩარჩოს ფარგლებში განხორციელებული პროექტებისთვის, რომელმაც უზრუნველყო როგორც მოსახლეობის, ისე ეკონომიკის მხარდაჭერა.


ანა ბიერდემ პოზიტიურად შეაფასა covid-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა მხარი დაუჭიროს ვაქცინაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის სწრაფად აღდგენისათვის აუცილებელ ღონისძიებებს, რომელთა შორისაა: ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძო სექტორის ხელშეწყობა, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარება.


მხარეებმა დადებითად შეაფასეს პარტნიორობა განვითარების პოლიტიკის ოპერაციების (DPO) ფარგლებში, რასაც წვლილი შეაქვს ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაში.


ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე, ასევე საქართველოს მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ევრობონდების წარმატებით განთავსების თაობაზე. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა კვლავ აქტიურად გააგრძელებს რეფორმებს გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივის შესანარჩუნებლად.


შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარტნიორობა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის კვლავ წარმატებით გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930