21-04-2021
„მიღწეულმა შეთანხმებამ და ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში და ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას", - წერს საკუთარ Facebook-ზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რომელიც ეხმაურება მმართველ ძალასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას.
„მსურს, გამოვეხმაურო ჩვენი ქვეყნისთვის იმ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით და ძალისხმევით გაფორმდა მმართველ ძალასა და ოპოზიციის ნაწილს შორის. ერთმნიშვნელოვნად, ეს დოკუმენტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეულმა შეთანხმებამ და ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ, ვფიქრობ, ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში და ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას. მადლობა საქართველოს მეგობრებს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩს ჩვენს ქვეყანაში, კარლ ჰარცელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს ამ შეთანხმების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის", - აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.