23-04-2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „კლიმატის შესახებ ლიდერთა სამიტში” მიიღო მონაწილეობა.
სამიტს, რომელიც ონლაინ ფორმატში ჩატარდა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სპეციალურმა წარმომადგენელმა კლიმატის საკითხებში, ჯონ კერიმ უმასპინძლა.
სამიტზე, კლიმატური ცვლილებების შერბილებასა და სათბური გაზების ემისიების შემცირების საკითხებზე ღია დიალოგის მიზნით, მონაწილეობა მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის გარემოსდაცვითი მიმართულების ლიდერმა მიიღო.
სიტყვით გამოსვლისას, ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ, 2017 წელს, პარიზის შეთანხმებასთან შეერთებით მზადყოფნა გამოთქვა, საერთაშორისო ვალდებულება აიღოს სათბურის გაზების (GHG) ემისიების ეტაპობრივ შემცირებაზე.
„2020 წლის იანვარში, საქართველოში შეიქმნა მულტიდისციპლინური, მაღალი დონის უწყებათაშორისი კლიმატის ცვლილების სამთავრობო საბჭო, რომლის მიზანი ქვეყანაში კლიმატური ცვლილებების მართვის გაუმჯობესება და პარიზის შეთანხმების განხორციელებაა. საქართველომ, ასევე, მიიღო „2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა”, რომელიც ენერგიის წარმოების, ნარჩენების, მშენებლობის, მრეწველობის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობებთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. მნიშვნელოვანია, საზოგადოება აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში. ამ მიზნით, ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოში ჩამოყალიბდა კლიმატის ცვლილების ეროვნული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
„კლიმატის შესახებ ლიდერთა სამიტი” წარმოადგენდა მოსამზადებელ შეხვედრას, სადაც მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს კლიმატურ ცვლილებასთან დაკავშირებული გამოცდილება გაუზიარეს. რაც შეეხება პარიზის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების საკითხებს, მონაწილე ქვეყნები გლაზგოში დაგეგმილ კონფერენციაზე იმსჯელებენ.