24-04-2021
ანაკლიის პორტის პროექტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და მისმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჩააგდო. ეს ფაქტია, ისევე, როგორც მისი და მის მიერ დაფინანსებული მედიებისა თუ ე. წ. კვლევითი“ ენჯეოების“ მცდელობები, ამ მარცხზე პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალონ. ამ თემაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს გუშინ გამოქვეყნებული კვლევა ამის მორიგი უბადრული მცდელობაა.
ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებასა და ფოთის პორტის გაფართოებასთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ «პროცესებში მკვეთრად იკვეთება ივანიშვილის გარემოცვის ინტერესები“. ასეთი სერიოზული ბრალდება, ე.წ. სერიოზული ორგანიზაციისგან, ასეთივე სერიოზულ დასაბუთებას ითხოვს თუმცა, კვლევაში ვერ იპოვნით ვერც ერთ დოკუმენტს , საბუთს ან მასალას, რომელიც ამას ამტკიცებდეს. უფრო მეტიც, ყველა არგუმენტი და მოსაზრება აგებულია მხოლოდ თეორიულ დაშვებაზე, შესაძლებლობასა და ჭორაობაზე.
„ჩვენ ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში ვწერდით, რომ შესაძლოა, ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი ფოთის პორტის მოსალოდნელი გაფართოება იყო, სადაც საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები საქმიანობენ,“-აღნიშნულია კვლევაში და ამით დაუფარავად გაცხადებულია, რომ მათი მიზანია არა ანაკლიის პროექტის გაჩერების რეალური მიზეზების გამოვლენა, არამედ ისრების სხვაზე გადატანა.
ნამდვილ კვლევაში მიუღებელია ასეთი წინასწარი დასკვნა, რომლის გასამართლებლად „გამჭვირვალობა“ აშკარა მანიპულაციას მიმართავს. კერძოდ, კვლევაში აღნიშნულია: „ ადრეც ვწერდით, რომ ფოთის პორტთან მდებარეობს შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, რომლის წარმატებით ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია ფოთის პორტში ტვირთბრუნვასთან“.
თიზ-ების საქმიანობაში ნებისმიერი ჩახედული მიხვდება, რომ „გამჭვირვალობის“ ზემოთდასახელებული დასკვნა მანიპულაციის კლასიკური მაგალითია . ფოთის თიზის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის წახალისება, სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმებისთვის ხელშეწყობა. დღეის მდგომარეობით საქართველოში 4 თიზ-ი ფუნქციონირებს და არცერთის საქმიანობა არანაირად არ არის პირდაპირ დაკავშირებული ფოთის პორტის ტვირთბრუნვასთან.
ეს ელემენტარული ჭეშმარიტება, წესით, გამჭვირვალობაშიც უნდა იცოდნენ, მაგრამ აშკარად მანიპულირებენ, რათა ანაკლიის პროექტის არშესრულებაზე პასუხისმგებლები გაათეთრონ და დამნაშავედ სხვა გამოიყვანონ. სწორედ ამას ემსახურება უადგილო ექსკურსიები ფოთის თიზის დამფუძნებელთა საქმიანობაზე და პრემიერ ღარიბაშვილის თუ გიორგი ბაჩიაშვილის ხსენება. საერთოდაც, რა შუაშია აქ ან ერთი ან მეორე ან ჩინელი პარტნიორები თუ მათი პრობლემები, როცა რეალობა ასე მარტივია და თვალშისაცემი - ფოთის თიზს არანაირი მიმართება არ აქვს ფოთის პორტის გაფართოების გეგმებთან და ფოთის პორტის მმართველ ჯომპანიებთან.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან მარცხის სხვისთვის გადაბრალების მცდელობები არახალია. კონსორციუმის დამფუძნებელი და სხვა მესვეურები მთელი გასული წელი ჯიუტად არიდებდნენ თავს პროექტის არგანხორციელებაზე პასუხისმგებლობის აღებას და ხან რუსებს, ხან ჩინელებს და ხანაც ხელისუფლებას დებდნენ ბრალს.
ყველა ამ ვერსიას ყავლი გაუვიდა და ამჟამად შეთქმულების მათი თეორიების სუბიექტად ჩვენი კომპანია შემორჩა. არადა, აშკარა ზღვარგადასული ფეიკია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენი კომპანია რამენაირად უკავშირდება ანაკლიის პორტის თემას და რომ, ამ მიზნით, APM ტერმინალთან (APMT) თუ PACE Group-თან ვართ ალიანსში.
ე. წ. მკვლევარებს განჭვირვალობიდან, ის მაინც ხომ უნდა გაერკვიათ, რომ ჩვენ სულ სხვა კომპანია ვართ, სხვა მიზნებით და ამოცანებით და ის, რომ, არც იურიდიულად და არც ფუნქციურად არანაირი კავშირები არ გვაქვს და ვერც გვექნება ფოთის პორტის მართვასა თუ მის განვითარებასთან. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეს ჩვენი კომპანიების ვებგვერდების თუ საჯარო რეესტრის მონაცემებით შეამოწმოს და დარწმუნდეს „გამჭვირვალობისა“ და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ გავრცელებული განცხადებების სრულ სიყალბეში.
ფეიკის ავტორებმა ძალიან კარგად იციან ეს, ისიც იციან, რომ ფოთის პორტის მმართველი APM ტერმინალისა (APMT) თუ PACE Group-ის მიერ ფოთის პორტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები დანიური და ამერიკული პროექტებია და მათზე პირდაპირი თავდასხმა მათთვის წამგებიანია. ამიტომ ცდილობენ , საქმეში როგორმე ფოთის თიზ-ი შემოიყვანონ, რათა ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობის ისრები მამუკა ხაზარიდან რამენაირად თიზ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელ, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილზე გადაიტანონ.
ესაა მთელი ამ „კვლევის“ თუ მედიაკამპანიების თავი და ბოლო. ჩვენი მხრიდან იგი აუცილებლად გახდება საერთაშორისო სამართლებრივი განსჯის საგანი, რადგან ანაკლიის კონსორციუმის მესვეურებისა და მათთან აფელირებული პარტიული მედიებისა თუ ე.წ.„ენჯეოების“ ცრუ ბრალდებების შედეგად ჩვენი კომპანიისა და მისი დამფუძნებლის საქმიან რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე ზიანი არაერთხელ მიადგა.
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრესსამსახური
წყარო: commersant.ge