24-04-2021
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მასწავლებელთა სისტემური სავალდებულო ტესტირება თბილისსა და რეგიონებში შეუფერხებლად გრძელდება. ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა ტესტირება ამჯერად თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში ჩაატარეს.
სახელმწიფოს მხრიდან სრულად უზრუნველყოფილი ტესტირების პროცესი სკოლაში უკვე მეხუთედ ჩატარდა, რის შედეგადაც კოვიდინფექცია მხოლოდ ერთ პედაგოგს დაუდასტურდა.
სკოლამ დროულად შეძლო რეაგირება, დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი კლასები, რის შედეგადაც თავიდან იქნა აცილებული Covid-19-ის შიდა გავრცელება.
თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში, სადაც 2000-მდე მოსწავლე იღებს განათლებას, მთელი სასკოლო საზოგადოების – სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლების, მოსწავლეების, მშობლების – ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სასწავლო სემესტრის სასკოლო სივრცეში დასრულება შეძლონ.