გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძე: ჩვენი ღირსეული მამულიშვილები დაუბრუნდნენ ოჯახებს

25-04-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, უწყების თანამშრომლებთან ერთად, წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, 1992-1993 წლებში, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირი, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომის 6 მონაწილის ნეშტები, 28 წლის შემდეგ, ოჯახებს დაუბრუნდა.

" ჩვენი ღირსეული მამულიშვილები დაუბრუნდნენ ოჯახებს. საქართველოს მიწა ეყარათ გულზე, მაგრამ დღეს ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ. საკმაოდ მძიმეა, მაგრამ, ამავე დროს ლოგიკურია ის, რომ ყველა, ვინც ამ ქვეყანას ღირსეულად თავს შესწირავს, აქვს უკვდავებაში გადასვლის უდიდესი მანდატი. არა მარტო საქართველოში ჩვენი თანამებრძოლების ოჯახები და უბრალოდ მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახები პოულობენ თავიანთ ოჯახის წევრებს, არამედ აფხაზებსაც უბრუნდებათ იმ ბრძოლების დროს დაკარგული თავისი ახლობლების ცხედრები. მე მინდა, კიდევ ერთხელ, მადლიერება გამოვხატო წითელი ჯვრის მიმართ, ჩვენი არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. პროცესი, სამწუხაროდ, გრძელდება _კიდევ ბევრია გადმოსასვენებელი და ღმერთის მადლით, ყველაფერს თავი დაედგმება."-განაცხადა კობა კობალაძემ.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმ 13 ოჯახისათვის, რომელთაც გადაეცათ თავიანთი ახლობლების ამოცნობილი ნეშტები, მას შემდეგ, რაც მათ, თითქმის 30 მღელვარებითა და ტკივილით სავსე წელიწადი გაატარეს ორაზროვანი დანაკარგის პირობებში. აფხაზურ მხარესაცაა ერთი ოჯახი, რომელსაც, ასევე, ეცნობა თავისი ახლობლის ნეშტის ამოცნობის შესახებ. ცხადია, დღეს ჩვენ, ასევე, ვფიქრობთ და არ ვივიწყებთ იმ 2355 ოჯახსაც, რომლებსაც კვლავაც არ აქვთ არანაირი ინფორმაცია, არანაირი პასუხი, თავიანთი დაკარგული ახლობლების ხვედრის შესახებ და ჯერაც მოლოდინით ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ უფრო გავაძლიეროთ მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესი.." - განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში, სევერინ შაპაზმა.

მოგვიანებით, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ზიგურდი მურუსიძის, ლევან ფუხაშვილის, თამაზ ტატდაევის და ჯენერი კირთაძის სამხედრო პატივით დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ოჯახების სურვილით, ორი მებრძოლი_მიზდონ გაზდელიანი_სამგორის რაიონში, წინუბანში, ხოლო ლევან მემანიშვილი_ ბოლნისში დაკრძალეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930