გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას, რომელიც 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს, პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მლნ ლარია

26-04-2021

"ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას" - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა, ახალი ინიციატივის წარდგენისას განმარტა, თუ რას მოიცავს პროგრამა.

„ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების, ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ყველა მუნიციპალიტეტში, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას, ასევე, ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტის, კურორტების და განსახლებების ურბანულ განახლებას. ასევე, პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი, ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები.

რა თქმა უნდა, ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოში უამრავი ადგილია, რომლებიც უნდა გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის, ჩვენი ტურისტებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.



„ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზე ცხოვრების, შრომისა და ზოგადად, განვითარების პირობების გაუჯობესება ყველგან, სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს. ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის ტურისტულად საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენა, სოციალური გარემოს გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს თითოეული რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას, განახლებას, განვითარებას და მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება შეადგენს 500 მლნ ლარს. პროექტი ითვალისწინებს, პირველ რიგში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის ფარგლებში და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა.

პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები ამ კვირაშივე გამოცხადდება და როგორც მოგახსენეთ, 63 მუნიციპალიტეტში ჩვენ ივნისიდან დავიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებს განახორციელებენ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდი" და ასევე მუნიციპალიტეტები.



„პროგრამის დაფინანსება 500 მლნ ლარის ფარგლებში მოხდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით.

რაც შეეხება პროგრამას, პროგრამაში და პროექტში ჩაერთვება ყველა საუკეთესო არქიტექტორი. რა თქმა უნდა, ყველა რეგიონის და მუნიციპალიტეტის ადგილზე არსებული ავთენტურობის შენარჩუნებით და ეს იქნება ძალიან ძლიერი დასაწყისი იმისა, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის მასშტაბური განახლება.

ჩვენ ამ სამუშაოებს დავიწყებთ ძალიან მალე. ბატონი ირაკლი ქარსელაძე და მისი გუნდი ბოლო 2 წლის განმავლობაში მუშაობდა ძალიან აქტიურად და მე მინდა მას მადლობა ვუთხრა. ახლა უკვე რეალურად საქმეზე უნდა გადავიდეთ. ჩვენ მაქსიმალურად ახალი სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ ყველგან და თანაბრად, ყველა მუნიციპალიტეტში. ახალი, ევროპული სტანდარტი, რომელიც შეცვლის მთლიანად ჩვენი ქვეყნის საერთო სურათს. ახლა ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, მეტი საქმე, მეტი შრომა და ჩვენი მოსახლეობის გვერდში დგომა და დახმარება", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930