26-04-2021
„რეგიონებში დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არ მოხდება საბიუჯეტო დეფიციტის ზრდისა და ახალი ვალდებულებების აღების ხარჯზე", - განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებას, ახალ სიცოცხლეს შესძენს რეგიონებში ეკონომიკურ საქმიანობას.
„აღნიშნული პროექტები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ განხორციელდება საბიუჯეტო დეფიციტის ზრდის ხარჯზე და გამოვიყენებთ იმ არსებულ რესურსებს, რომელიც დღეს ბიუჯეტში გვაქვს. პროექტის დაფინანსების რამდენიმე წყარო იქნება. ეს არის: მიმდინარე ეკონომიები საბიუჯეტო პროცესში, არსებული თანხები, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა საქვეუწყებო დაწესებულების, სსიპ-ების ანგარიშზეა განთავსებული. აგრეთვე, ეს არის პრივატიზაციის ნაწილი, რომელიც ვხედავთ, რომ მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გადავაჭარბებთ გეგმას. აღნიშნულ პროექტში უკვე შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, ჩართული იქნებიან დონორი ორგანიზაციები, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი. ამ ნაწილშიც, რაიმე დამატებითი ახალი ვალდებულებების აღება ქვეყნის მხრიდან არ მოხდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.