გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ღიბრაძე: ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს

26-04-2021

ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ოპერაციული შტაბის უფროსმა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, სახეზეა ინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკა, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. ინფიცირების შემთხვევებთან ერთად, ასევე მზარდია ჰოპიტალიზაციის მაჩვენებელიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, როგორც დამატებითი საწოლფონდების მობილიზების, ასევე მედიკამენტების, ჟანგბადის თუ ტესტების მარაგის მართვის კუთხით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი ქვეყანა მზად იქნება. ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ჯგუფების ტესტირება, მაისის განმავლობაშიც სახელმწიფო დაფინანსებით გაგრძელდება;

რაც შეეხება მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;

ამასთან, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე;

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები;
როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. აქედან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა;

პარალელურად, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი. იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები;

შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი;

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930