27-04-2021
სვანეთში, სოფელ ჟაბედან სტიქიური საფრთხის გამო რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
განცხადებას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112" -ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეში ადიდებული იყო ღელე, რომელსაც მოჰქონდა ტალახი.
სოფელში შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები.
უსაფრთხოების მიზნით, ღელეს მიმდებარე რამდენიმე სახლიდან მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადავიდა.
ადგილზე, მონიტორინგის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. დილით კი, ხილვადობის აღდგენისთანავე, 5 კაციანი სამაშველო ჯგუფის მიერ მოხდა ღელის სათავეში არსებული სიტუაციის გადამოწმება. პარალელურად, სოფელ ჟაბეში მიმდინარეობდა მძიმე ტექნიკის მიერ აღნიშნული ღელეს კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.
შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არ არის.
ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები" - ნათქვამია განცხადებაში.