გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს განვითარების ათწლიან გეგმასა და ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამაზე ისაუბრეს

27-04-2021

საქართველოს განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავებასა და ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავების შესახებ, რომელიც მისი ინიციატივის შესაბამისად მიმდინარეობს, ასევე, ისაუბრა ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამაზე და ხაზი გაუსვა ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ვიდეოკონფერენციისას, ასევე აღინიშნა, რომ EIB-ი ჩაერთვება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით და ხელს შეუწყობს შესაბამისი პროგრამების განხორციელებას.

საუბარი შეეხო გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკს მადლობა გადაუხადა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის, რამაც ქვეყანას ჯანდაცვის სექტორის გამოწვევებზე დროული რეაგირების საშუალება მისცა, ასევე - ხელი შეუწყო ეკონომიკის აღდგენის გეგმის განხორციელებაში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყნის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული მიმდინარე საინვესტიციო პროექტები, განსაკუთრებით კი პოსტპანდემიურ რეალობაში.

აღინიშნა საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლობის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მხოლოდ უმსხვილესი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური მიმართულებითაც, რამდენადაც საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შეტანისთვის ემზადება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა კერძო და სახელმწიფო სექტორებში უკვე თითქმის 2 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რის შედეგადაც საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე ევროპის საინვესტიციო ბანკის ძირითადი ბენეფიციარი გახდა.

შეხვედრისას დადებითად შეფასდა ევროპის საინვესტიციო ბანკის გადაწყვეტილება, გაზარდოს კერძო სექტორში ოპერაციების მოცულობა, რადგან კერძო სექტორი ეკონომიკური ზრდის, დასაქმებისა და ინოვაციების ძირითადი მამოძრავებელია. პრემიერ-მინისტრი ასევე მიესალმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ძალისხმევას, მხარი დაუჭიროს მცირე ბიზნესის გაძლიერებას ევროკავშირის ინიციატივების საშუალებით, რაც ხელს უწყობს ფინანსური ჩართულობის განვითარებას და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930