გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: შეთანხმების მთავარი ამოცანა გახლდათ ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირება და ეს მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევი რჩება

27-04-2021

„დღეს საქართველოს პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი დღეა. პარლამენტის სხდომას ესწრება საპარლამენტო ოპოზიციის დამატებითი წარმომადგენლობა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირის მხარდაჭერით დადებულ პოლიტიკურ შეთანხმებას. ამ შეთანხმების მთავარი ამოცანა გახლდათ არა პარლამენტში შემოსვლა არშემოსვლა, რაც, თავისთავად, მნიშვნელოვანი ამოცანა და ფაქტორია, არამედ ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირება, ნაკლები დესტრუქციისა და მეტი კონსტრუქციულობის უზრუნველყოფა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. უნდა ითქვას, რომ ეს მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევი რჩება", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩამოსვლის მიუხედავად მოლაპარაკებებში ჩართულმა ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ", „ევროპულმა საქართველომ", „პატრიოტთა ალიანსმა" და „ლეიბორისტულმა პარტიამ" მაინც არ მოაწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებას.

„მეტიც, ისინი დღესაც არ შემოდიან პარლამენტში, ინარჩუნებენ კარვებს პარლამენტის შენობის წინ, გამოდიან შეთახმების ცალკეული პუნქტების წინააღმდეგ, აგრძელებენ აგრესიულ რიტორიკას „ქართული ოცნების" და ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ და დგამენ სხვა ნაბიჯებს შეთანხმების შინაარსისა და მისი სულისკვეთების საპირისპიროდ. ამით კიდევ ერთხელ მკაფიო ზღვარი ივლება პროდასავლურ და ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებს შორის. მიუხედავად ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ გადადგმული ამ დესტრუქციული ნაბიჯებისა „ქართული ოცნება" თავისი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არ შეიძლება იყოს მხოლოდ მმართველი პარტიის საზრუნავი და სუბიექტური ინტერესი.

„ამით დაინტერესებული უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირების საქმეში თითოეულ პარტიას და თითოეულ პარლამეტის წევრს თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მადლობა გადაუხადა არჩილ თალაკვაძეს პოლიტიკურ მოლაპარაკებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ორი წლის მანძილზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის.

„თქვენ როგორც გახსოვთ, მან ძალიან მძიმე ვითარების ფონზე ჩაიბარა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. ეს იყო 2019 წლის ივნისი და ამის შემდეგ მას მოუწია არაერთი რთული ეტაპის გამოვლა ჩვენ საპარლამენტო და პოლიტიკურ ცხოვრებაში და თითოეულ ამ ეტაპზე ის გამოირჩეოდა როგორც ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც სათანადოდ უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებას. კიდევ ერთხელ ვუხდი მას მადლობას ორი წლის მანძილზე გაწეული გამორჩეული საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ არჩილს მის სამომავლო აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930