27-04-2021
„მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დარბაზში ამომრჩევლის ხმა მაქსიმალურად გაისმება",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, კახა კუჭავამ, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს გაწეული სამუშაოსთვის, ხოლო გუნდს - ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. დეპუტატის თქმით, რომ სიმბოლურია, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევა სწორედ იმ დღეს დაემთხვა, როდესაც რამდენიმეთვიანი, მისივე შეფასებით, ხელოვნური შეფერხების შემდეგ, საპარლამენტო საქმიანობას დღეს ოპოზიციის რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი შემოუერთდა.
„მჯერა, რომ დღეს აქ ყველანი გამარჯვებულები ვართ, რაც მთავარია, გამარჯვებულია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ამიტომ, ამ ტრიბუნასთან დგომა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს, და მაძლევს იმედს, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში წარიმართება ცივილიზებულად, ისე, როგორც თითოეულ ჩვენგანი, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს ამას",- განაცხადა კახა კუჭავამ.
მისივე თქმით დღეიდან საპარლამენტო ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. „ჩემი მხრივ, გპირდებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩევის შემთხვევაში, მე უზრუნველვყოფ, დავიცვა ბალანსი და ხელი შევუწყო დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში, თქვენთან ერთად",- განაცხადა კახა კუჭავამ.
დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროა, კომპრომისებისა და დათმობის გზით, ერთმანეთისკენ ნაბიჯები გადაიდგას. კახა კუჭავამ საქართველოს გულშემატკივრებს, ვინც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად დიდი ენერგია ჩადო, მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ის უპრეცედენტო ძალისხმევა, რომელიც ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასწია.
„მჯერა, რომ მაქსიმალურად გავამართლებთ ამ მოლოდინს, რომელიც საქართველოს, როგორც დემოკრატიისადმი ერთგული ქვეყნის, მიმართ არსებობს. იმედი მაქვს, ჩვენ კიდევ შემოგვიერთდებიან კოლეგები, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს არ ესწრებიან სხდომას, მაგრამ მოახერხებენ და დაძლევენ ვიწროპარტიულ ინტერესებს, პატივს სცემენ ამომრჩეველს და პოლიტიკურად სწორ ნაბიჯს გადადგამენ საპარლამენტო საქმიანობაში საკუთარი წვლილის შესატანად. მტკიცედ მჯერა, იმისათვის რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს და გავაერთიანოთ საქართველო, ჩვენ ჯერ უნდა გავერთიანდეთ აქ, პარლამენტში! - ეს სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს საერთო მომავალს",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას კახა კუჭავამ.