გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გახსნა

27-04-2021

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო დაფუძნდა, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები და ბიზნეს ასოციაციების წევრები არიან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საბჭოს პირველი სხდომა ონლაინ ფორმატში გახსნა, რომელსაც უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი, რექტორი ალექსანდრე თევზაძე, კანცლერი მაგდა მაღრაძე, TUM International-ის გუნდის წევრები ფრედერიკ ჰეტინგერი და კატრინ რიხტერი, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანი და პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი ესწრებოდნენ.

მიხეილ ჩხენკელმა ახლად დაარსებულ საბჭოს წევრებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონცეფცია და სამომავლო გეგმები გააცნო და ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის განვითარებისათვის საბჭოს დაარსება არის სტრატეგიული მნიშვნელობის ამბავი, რომელიც დიდ როლს ითამაშებს აკადემიური პროგრამების ჩამოყალიბებასა და სტუდენტების მომზადებაში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. მრჩეველთა საბჭოსთან ერთად, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან, ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო უზრუნველყოფს უნივერსიტეტის განვითარებას მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია და საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობისა და უმაღლესი დონის უნივერსიტეტი სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად დაფუძნდა.

მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უკვე მიღწეული შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ 2020 წელს უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა. უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი აკადემიური პროგრამები მიუნხენის უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს.

მიხეილ ჩხენკელმა იმ მიდგომების შესახებ ისაუბრა, რაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციას განაპირობებს. კერძოდ, აკადემიური პროგრამები კონკრეტულ სფეროში ლიდერ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იქმნება. უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში კი ქართველებთან ერთად ჩართული არიან უცხოელი პროფესორები.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეცნიერების განვითარებასა და სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში თანამედროვე კვლევების წარმართვას უცხოელი მეცნიერების ჩართულობას ადრონული თერაპიის ცენტრი უზრუნველყოფს, სადაც სამკურნალო და კვლევითი მიზნებისთვის ორი ციკლოტრონი განთავსდება.

საბჭოს წევრებს სიტყვით საპატიო პრეზიდენტმა პროფესორმა ვოლფგანგ ჰერმანმა, რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკო ჩხეტიანმა მიმართეს და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ისეთი მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა: სიმენსი (Siemens), ჰილტი ჯგუფი (HiltiGroup), დელოიტი (Deloitte DCE), პეპ-დიზაინი PEPDesign, ევროპის აერონავტიკის კომპანია –EuropeanAeronauticDefenceandSpaceCompany (EADS Germany), გერმანიის ბიზნეს ასოციაცია (DWV), ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისათვის“, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოში.

საბჭოს მიზანია, ხელი შეუწყოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, უზრუნველყოს ინდუსტრიასთან წარმატებული პარტნიორობა და სტუდენტები მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930