28-04-2021
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ჩხოროწყუში, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ესწრებოდნენ.
სამედიცინო აქციაში თბილისის წამყვანი კლინიკების და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო შემოწმება და ექოსკოპიური გამოკვლევა (ენდოკრინულ დაავადებათა სკრინინგი, ტანდეგობის დარღვევის გამოვლენა, პირის ღრუს დაავადებათა და მხედველობის დაავადებათა სკრინინგი) ჩაუტარდათ.
პროგრამის ბენეფიციარებს C ჰეპატიტის სკრინინგი, ხოლო კლინიკური ჩვენებების მქონე მოსწავლეებს COVID-19-ის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება ჩაუტარდათ. ასევე, აქციის ფარგლებში, პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ.
ღონისძიების ფარგლებში სკოლას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ საჩუქრად კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.
სამედიცინო აქცია ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „მიზნობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.