28-04-2021
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დასრულდა საგადასახადო ადმინისტრაციის გაძლიერების და რეფორმების პროექტი, რომელიც უწყებაში 2017 წლიდან ხორციელდებოდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ვირტუალურ ფორმატში გაიმართა პროექტის დახურვის ცერემონია, რომელიც გახსნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. ღონისძიებას დაესწრო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, როგორც ადმინისტრაციის, ისე ძირითადი ფუნქციების გაძლიერების მიმართულებით, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მოწვეულ ექსპერტებს.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიით გამოწვეული რიგი შეზღუდვებისა, ბოლო წელი საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო. მხარდაჭერისა და ამ კომპლექსური პროექტის ხელმძღვანელობისთვის მსურს მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მრჩეველს კორსტიან ქულს, აგრეთვე ფილიპ მაკკაჩენს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესში", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
მან ყურადღება გაამახვილა იმ წარმატებულ რეფორმებზე, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განხორციელდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში და დადებითად შეფასდა TADAT-ის (საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტი) 2020 წლის ანგარიშითაც.
რეფორმებს შორის ლაშა ხუციშვილმა დაასახელა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი საგადასახადო რეგისტრაციის სისტემის დანერგვა, რაც საბოლოოდ გააუმჯობესებს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებს, კანონშესაბამისობის რისკის მართვის პროცესის გაუმჯობესება, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს დღგ-ის თანხის დაბრუნების გამარტივებულ და სწრაფ პროცედურებს.
ფინანსთა მინისტრის თქმით, მიღწეული პროგრესის პარალელურად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს რეფორმებს უფრო მეტად ეფექტიან საგადასახადო ადმინისტრაციად ჩამოყალიბებისთვის. მან იმედი გამოთქვა, მომავალში კვლავ დაიგეგმება ახალი, გრძელვადიანი თანამშრომლობის პროგრამა.