გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი: ქართულ-ავსტრიული სახანძრო მანქანების პირველი ეგზემპლარები რამდენიმე თვეში მზად იქნება

3-05-2018

„დღეს ჩვენ განვიხილავთ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს რეფორმების ძალიან მნიშვნელოვან პაკეტს, რომლის მიხედვითაც, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა გადადის საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე. ის ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ჩართულობას, უფრო ეფექტურია და, ასევე, არის უფრო გამარტივებულიც“-ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.


მისი თქმით, დეტალურად იმიჯნება სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები და საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება შემფასებელი, გადაწყვეტილებების მიმღები, შესაბამისად - პასუხისმგებელიც და კოორდინატორიც.


ამას გარდა, რეფორმების პაკეტი ითვალისწინებს სხვა სიახლეებსაც. ესენია - მოხალისეთა სისტემა, ალტერნატიული სამხედრო სამსახური და კრიზისების პრევენციის მიზნით სამეცნიერო წრეების ჩართვა.


„სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პარალელურად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და განახლებაზე. უკვე გამოცხადებულია ტენდერი სპეციალურად ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე.


ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც მსოფლიოში გახლავთ ლიდერი ასეთი ტიპის მოწყობილობების წარმოების, ეს არის -„როზენბაუერი“. ის ჩვენს ქართულ კომპანია „დელტასთან“ ერთად დაიწყებს ოპერატიული სახანძრო მანქანების ერთობლივ წარმოებას. „პიკაპის“ ჩონჩხზე აწყობილი მანქანები იქნება, რომლებსაც ექნება კომპანია „როზენბაუერის“ აპარატურა და მოწყობილობა, რაც არის მსოფლიოში აპრობირებული, ძალიან ეფექტური ოპერატიული სახანძრო-სამაშველო მანქანები.


დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე მალე, რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლარები და წლის ბოლომდე, პრაქტიკულად, უნდა გვქონდეს გამართული წარმოება ასეთი ტიპის მანქანების.


ცვლილებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური მიაწვდის მედიას. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს ეფექტიანობის ამაღლებისთვის ეს ყველაფერი იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი“-განაცხადა კვირიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930