4-05-2021
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ არსებული შედეგები და სამუშაო გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ონლაინ გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
მხარეებმა ქვემო სამგორისა (კახეთი) და ზედა რუს (გორი, ქარელი) საირიგაციო სისტემების შიდა ქსელების სარეაბილიტაციო, ასევე, ალგეთისა და სიონის კაშხლების უსაფრთხოების მიმდინარე სამუშაოები შეაჯამეს. საუბარი შეეხო წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნების გეგმის, საირიგაციო ტარიფის რეფორმის და შპს საქართველოს მელიორაციის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებსაც. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ პრიორიტეტებზე, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში უნდა დაფინანსდეს.
ონლაინ გამართულ შეხვედრაში მსოფლიო ბანკის პროექტის ხელმძღვანელი პიერრიკ ფრავალი, მსოფლიო ბანკის ექსპერტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის, საქართველოში პროექტის განმახორციელებელი ერთეულის და შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.