გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისია მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი!?"

4-05-2021

კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია" მოზარდებში, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!". კონკურსში მონაწილეობის მიღება 4 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ყველა მოსწავლეს შეუძლია. კონკურსის გამარჯვებულებს, რომლებსაც კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, კომისია შთამბეჭდავ პრიზებს გადასცემს. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 12 Pro-ს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს New iPad Pro, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეს Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცემა.

კონკურსის პარალელურად, კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი 30-მდე სკოლაში ჩაატარებს ონლაინ ტრენინგებს. ტრენინგების მიზანია მოზარდებმა ისწავლონ ფაქტების გადამოწმება და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები.

კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში მათ შორის - ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია, გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - "Fake News", რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.

მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები 2021 წლის 4 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგ ბმულზე - http://tiny.cc/oggb6y

დავალების წარმოსადგენად კონკურსის მონაწილეებს თავად შეუძლიათ შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედიური ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა. აუცილებელია ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი" წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ფეისბუქ გვერდზე და კომისიის ვებგვერდზე www.comcom.ge .

კომუნიკაციების კომისია კონკურსს "ნამდვილი თუ მოგონილი", უკვე მეხუთედ ატარებს. კონკურსებში 500-მდე სკოლის მოსწავლემ და სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. მედიაწიგნიერების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის მეოთხედ გამოცხადდა, ერთხელ კი „ნამდვილი თუ მოგონილი" ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ჩატარდა. საუკეთესო სტუდენტებს, რომლებმაც კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, კომისიამ სერტიფიცირებული ტრენინგები ჩაუტარა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930