გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანმა და საფრანგეთის ელჩმა ლევილის მამულსა და თანამშრომლობის გეგმებთან დაკავშირებით იმსჯელეს

4-05-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს შეხვდნენ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

მინისტრმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წლის 20 მაისს ლევილში დაგეგმილი მისი ვიზიტის შესახებ. თეა წულუკიანმა გაიხსენა იუსტიციის მინისტრობის პერიოდში ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის მიზნით მისი მონაწილეობით წარმოებული რთული და კომპლექსური მოლაპარაკებები და აღნიშნა, რომ იგი ამჟამად ლევილს თავის კოლეგასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და საგანგებო დავალებათა ელჩ გელა დუმბაძესთან ერთად ეწვევა. ვიზიტის მთავარი მიზანი იქნება ლევილის მამულთან დაკავშირებით შეხვედრების გამართვა როგორც მუნიციპალიტეტის ხელისუფლებასთან, ასევე საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა შთამომავლებთან. კულტურის მინისტრი ადგილზე გაეცნობა ლევილის მამულში 2018 წლიდან დღემდე საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით წარმატებით ჩატარებულ პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად განიხილავს სამუშაოების მომდევნო ეტაპების განხორციელების საკითხს, რომელთა ვადებში დასრულებაც 2017 წელს ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის მთავარი წინაპირობა იყო. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ლევილის მამულში კულტურული კერა უნდა მოეწყოს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო პარიზის წიგნის ბაზრობას, რომელიც პანდემიის მიზეზით რამდენჯერმე გადაიდო და, სავარაუდოდ, 2023 წელს უნდა ჩატარდეს. ელჩის თქმით, საფრანგეთის საელჩო ხელს შეუწყობს საქართველოს ამ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის.

თეა წულუკიანმა საფრანგეთის ელჩს დახმარება სთხოვა საქართველოდან ახალგაზრდა არქიტექტორ-რესტავრატორთა საფრანგეთში მისავლენად იმ ძეგლებზე სამუშაოდ, რომელთა რესტავრაციაც ამჟამად მიმდინარეობს. „მსგავსი ღონისძიებები პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად უნიკალური შესაძლებლობა იქნებოდა საქართველოს ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის, რომელთა რიცხვიც ძალიან მცირეა. მოცემულ დარგში, სამწუხაროდ, ახალი კადრების შედინება ორი ათეული წელია რთულად მიმდინარეობს და სახეზეა შემაშფოთებელი წყვეტა." - აღნიშნა კულტურის მინისტრმა. საფრანგეთის ელჩი სამინისტროს ამ მიმართულებით დახმარების აღმოჩენას დაჰპირდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930