5-05-2021
ჩვენი ძმური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ეს კარგ ფუნდამენტად მიგვაჩნია ჩვენი არსებული ურთიერთობის განვითარებისთვის, რაც დინამიურობით ხასიათდება და მრავალ სფეროს მოიცავს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ალიევმა აღნიშნა, საქართველოს და აზერბაიჯანს ერთობლივი პროექტების განხორციელების ძალიან კარგი ისტორია აკავშირებს.
"ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ძალიან წარმატებული იქნება და ჩვენს ძმურ ურთიერთობას გააძლიერებს ჩვენს ერებს შორის არსებული ისტორიული საფუძვლიდან. ჩვენი ძმური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ეს კარგ ფუნდამენტად მიგვაჩნია ჩვენი არსებული ურთიერთობის განვითარებისთვის, რაც დინამიურობით ხასიათდება და მრავალ სფეროს მოიცავს.
ძალიან მოხარული ვართ, რომ გვსტუმრობთ. ჯანმრთელობას გისურვებთ. ვიცი, რომ კორონავირუსით იყავით ინფიცირებული და ვიზიტის გადაწევა მოგვიწია. მიხარია, რომ მალე გამოჯანმრთელდით.
ჩვენ ერთობლივი პროექტების განხორციელების ძალიან კარგი ისტორია გვაკავშირებს, მათ შორის ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში. აღნიშნულმა პროექტებმა შეცვალა რეგიონში არსებული სიტუაცია პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო მიმართულებით.
ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორული ურთიერთობების გარეშე ამ პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.
გასული წლის ბოლო დღე სამხრეთის გაზის მილსადენის პროექტის განხორციელების ბოლო დღეს დაემთხვა, რომელსაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ფართო რეგიონის განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის, პროგნოზირებადობისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენი თანამშრომლობის გარეშე ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს პროექტების განხორციელების უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას პროექტების განხორციელების უწყვეტი მხარდაჭერისთვის. ყველა ეს ინიციატივა წარმატებულ ამბავს წერდა ჩვენს ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასევე გაგრძელდება. ახლახან გარკვეულ მონაცემებს გადავავლე თვალი და შევიტყვე, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკაში კვლავ უმსხვილეს ინვესტორებს შორისაა. ეს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა, რითაც დადებითი და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნა. ვიცი, რომ ბევრ აზერბაიჯანულ კომპანიას სურს თქვენს ქვეყანაში მუშაობა და იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება.
დღეს მიმოვიხილავთ აქამდე მიღწეულ შედეგებს და სამომავლო ნაბიჯებს დავგეგმავთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით აზერბაიჯანში და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ", - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.