5-05-2021
სახელმწიფო პროგრამის "განახლებული რეგიონები" ფარგლებში დასავლეთ საქართველოში ჯამში გათვალისწინებულია 160 მილიონი ლარი. ეს არის პირველი ეტაპი, არ არის საბოლოო და გადაწყვეტილი თანხა, შესაძლებელია თანხის გაზრდა და კორექტირება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა ქუთაისში, სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები" ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის პირველი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით და მისი საბოლოო მიზანი ეკონომიურად ძლიერი და თანამედროვე ტიპის რეგიონალური ინფრასტრუქტურის შექმნაა.
„მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაანონსდა და დაიწყო ახალი სახელმწიფო პროგრამა "განახლებული რეგიონები". აღნიშნული პროგრამა უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით, ვინაიდან ამ პროგრამის ფარგლებში ჯამში დაიხარჯება 500 მილიონი ლარი. ასევე უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, ვინაიდან ეს არ არის ერთჯერადი პროექტი და პროგრამა, არამედ გათვლილია გეგმაზომიერად წლების განმავლობაში და მისი საბოლოო მიზანი არის ეკონომიურად ძლიერი და თანამედროვე ტიპის რეგიონალური ინფრასტრუქტურის შექმნა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად დღეს იმერეთის რეგიონში ჩატარდა სპეციალურად შექმნილი კომისიის პირველი სხდომა, რომელზეც თორმეტივე მუნიციპალიტეტი წარმოადგენს თავის წინადადებებს, ლოკაციებს, სადაც სურთ მათ კონკრეტული განახლების და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. კომისიას დაწყებული აქვს მუშაობა, განხილულ იქნა რამდენიმე პროექტი. მინდა გითხრათ, რომ მოწონებულ იქნა უკვე რამდენიმე ლოკაცია და დღეს თორმეტივე მუნიციპალიტეტის წარმოდგენილ პროექტებზე მიეცემა თანხმობა, შეფასდება და უმოკლეს ვადებში დაიგეგმება მათზე სამუშაოების დაწყება. დასავლეთ საქართველოში ჯამში გათვალისწინებულია 160 მილიონი ლარი. ეს არის პირველი ეტაპი, არ არის საბოლოო და გადაწყვეტილი თანხა, შესაძლებელია თანხის გაზრდა და კორექტირება. ანუ, არ არის შეზღუდვა. პროექტების მიხედვით იქნება გათვალისწინებული მათზე თანხის გამოყოფა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტების შესწავლა და დასრულების შემდეგ ქუთაისის მერი ან გუბერნატორი მოგახსენებთ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ", - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.