გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო "ტვ პირველს" სიცრუეში ადანაშაულებს

6-05-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია „ტვ პირველის" საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც, თითქოს სამინისტროს მიერ 11 000 ლარის თაიგულები და გვირგვინები იქნა შეძენილი:

"სამწუხაროა, რომ ეს გახლავთ სიცრუე.

სინამდვილეში, ამ მიზნით დახარჯულია 538 ლარი.

უხერხულია, რომ კულტურის სამინისტროს უწევს ამგვარ, ქართული კულტურისათვის შეურაცხმყოფელ დეზინფორმაციაზე პასუხის გაცემა და იმის დაზუსტება, რომ ერთ-ერთ სახელოვან სპორტსმენს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაეგზავნა თაიგული, ხოლო კულტურის დიდი მოღვაწის, ან კიდევ დიდი არტისტისათვის პატივის მიგების მიზნით შეძენილ იქნა გვირგვინი კულტურის სამინისტროს სახელით. ამასთან, სამინისტროს მიერ მთელი წლის განმავლობაში, პროტოკოლით გათვალისწინებული მსგავსი საჭიროებებისათვის ჯამურად განსაზღვრულია 9803 ლარი (რომელიც შესაძლოა დაკორექტირდეს), რაც ბევრად ნაკლებია სიუჟეტში დასახელებულ თანხაზე. შესაბამისად, სიუჟეტი აგებულია სიცრუეზე.

რაც შეეხება რეგიონებში გამართულ სამუშაო შეხვედრებს, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს გამგებლობაში მყოფ ორგანიზაციებს აქტიურად სტუმრობს და სამუშაო პროცესს ადგილზე ეცნობა. ინფორმაცია ვიზიტების შესახებ კი მიეწოდება მედიას. შესაბამისად, რაიმე სახის დახურულ და საიდუმლო შეხვედრაზე საუბარი ასევე გახლავთ სიცრუე. სიცრუეა ისიც, რომ თითქოს კულტურის სამინისტრომ ოზურგეთში რაიმე ღონისძიება 6000 ლარით დააფინანსა. სინამდვილეში, კულტურის სამინისტროს ოზურგეთში არც ღონისძიება ჩაუტარებია და არც რაიმე თანხა გადაუხდია. საბოლოოდ კი, ყოველივე ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად" - აცხადებენ სამინისტროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930