გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოიჯარეები 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ მიწების გამოსყიდვას

10-05-2021

„იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტურად გამოიყენონ საკუთარი უფლება და პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინონ მიწები, გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან შესაძლებელი იქნება მიწების 25-პროცენტიანი ფასდაკლებით გამოსყიდვა" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მიწას, რომელსაც აფასებს სამხარაულის ბიურო, 100 პროცენტიანი ფასის 25-პროცენტიანი ფასდაკლება ექნება, რომლითაც მოიჯარეები ისარგებლებენ.

„მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება განსაკუთრებით იმ ფერმერებს გაახარებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან იჯარით აქვთ აღებული მიწა და ფიქრობდნენ მის გამოსყიდვას. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ დავრთეთ ნება მოიჯარეებს, რომლებიც წლების მანძილზე ამუშავებენ სახელმწიფო მიწებს, პირდაპირი წესით საბაზრო ფასად გამოიწყიდონ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები. მთავარი ამოცანაა, რომ დაუმუშავებელი მიწა არ დარჩეს და მათ შეძლონ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა და დაფინანსების მოზიდვა. თუმცა ვაკვირდებოდით ტენდენციას, ფასები საკმაოდ მაღალია და შესაბამისად, ბევრ მოიჯარეს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ისარგებლოს ამ უფლებით. ამიტომ ვიმსჯელეთ და იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტურად გამოიყენონ თავისი უფლება და პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინონ ეს მიწები, გადავწვიტეთ, რომ ამიერიდან შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25-პროცენტიანი ფასდაკლებით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს ფერმერებს შეიძინონ მიწა, დაამუშაონ და უფრო მეტად მოიზიდონ როგორც საბანკო დაფინანსება, ასევე კერძო ინვესტიციები, ისარგებლონ იმ ფართო სახელმწიფო პროგრამების შემოთავაზებით, რაც ჩვენ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გვაქვს.

„საქართველოში 2000-მდე ასეთი მოიჯარე გვყავს. გვაქვს საკმაოდ დიდი რაოდენობის მიწის ფართობები, დაყოფილი შედარებით მცირე ნაკვეთებად, მაგრამ გაიჯარებული. ეს ადამიანები წლებია, ამუშავებენ ამ მიწას და ეს გადაწყვეტილება უფრო ხელმისაწვდომს გახდის მათთვის ამ მიწის გამოსყიდვის შესაძლებლობებს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, რა თქმა უნდა, ეს წაახალისებს სასოფლო-სამეურნეო მიწის მეორე ბაზრის გაჩენას, რადგან კერძო ინვესტორები უფრო მეტად დაინტერესდებიან სასოფლო მიწებში ინვესტიციების გაკეთებით.

„საბოლოო ამოცანაა, რომ არც ერთი აქტივი არ დარჩეს გაჩერებული, მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი და ყველაფერი ემსახურებოდეს ეკონომიკის აღდგენას და დასაქმებას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დღეისთვის 439 მოიჯარის განაცხადია შესული და შესაბამისი შეთავაზებები მათთვის ახალი წესით გაკეთდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930