13-05-2021
„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გუშინდელ გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, იქიდან გამომდინარე, რომ აქ უკვე გაკეთებულია ძალიან მკაფიო და ცალსახა ჩანაწერები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ახორციელებს რუსეთი ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთის ტერიტორიაზე ასევე, იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რომ ეს არის გამოხმაურება სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებაზე, სადაც ასევე, ძალიან მკაფიოდ ჩაიწერა, რომ რუსეთი 12 აგვისტოს შემდეგ, ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ცხინვალში და აფხაზეთში.
„აქ დაგმობილია რუსეთის მხრიდან ქართული კულტურის კვალის წაშლის მცდელობები ასევე, ჩვენი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სახლების გადაწვის ფაქტები, ქართველი მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე საშუალო განათლების მიღების აკრძალვა და ჩამოთვლილია მთელი რიგი ფაქტები, რომლის შესახებაც ჩვენ უკვე წლებია ვაპელირებთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მინისტრთა კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. მისი თქმით, ასევე, აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, რომ გაათავისუფლოს ზაზა გახელაძე პატიმრობიდან და ასევე, რომ დაუშვას საერთაშორისო წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება 2014 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს მიიღება ხოლმე, აქ სულისკვეთება არის შეცვლილი და ეს არის რა თქმა უნდა დამსახურება იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო იანვარში მიიღო", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.