14-05-2021
2021 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ-მდე აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ს მიაღწია.
ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 2% (1,841,192 ბოთლი), ჩინეთი - 19% (1,559,533 ბოთლი), ლიეტუვა - 71% (356,748 ბოთლი), აშშ - 2% (325,468 ბოთლი), ესტონეთი - 3% (228,592 ბოთლი), გერმანია - 1% (229,527 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი - 6% (157,932 ბოთლი).
ექსპორტის ზრდა ასევე აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: უკრაინა - 9% (3342951 ბოთლი), კანადა - 56% (96,090 ბოთლი), ყაზახეთი - 56% (1,027,114 ბოთლი), ისრაელი - 87% (181,820 ბოთლი), აზერბაიჯანი - 113% (112,025 ბოთლი), მონღოლეთი - 477% (192,480 ბოთლი), ჩეხეთი - 734% (44556 ბოთლი), თურქეთი - 219% (45,930 ბოთლი), შვედეთი - 35% (31,544 ბოთლი) და ა.შ.
ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი - 17,197,084 (ზრდა 16%), უკრაინა - 3,342,951 ბოთლი (ზრდა 9%), პოლონეთი - 1,841,192 (ზრდა 2%), ჩინეთი - 1,559,533 ბოთლი (ზრდა 19%) და ყაზახეთი - 1,027,114 (ზრდა 56%).
აღსანიშნავია, რომ გარდა ქართული ღვინისა, 2021 წლის ოთხ თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 10,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 195 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 12%-ით და 19 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ექსპორტირებული ჭაჭის ღირებულება 500 ათას აშშ დოლარს აღწევს, შემოსავლების ზრდა კი, 25%-ია.
აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვა მოცულობის ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 252-მა კომპანიამ განახორციელა.
ჯამში, საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 106,3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
პანდემიის მიუხედავად, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ბოლო წლების ტენდენციის შესანარჩუნებლად, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ბაზრებზე მარკეტინგულ ღონისძიებებს კვლავ ახორციელებს. ღონისძიებები, ძირითადად, დისტანციურ ფორმატებში იმართება.