15-05-2021
საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებმა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში „ტროას ნაკვალევი“ მონაწილეობა დაასრულა.
სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა კულმინაციური წვრთნა გამართეს, რომელსაც ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. დასკვნით საჩვენებელ სწავლებაზე ქართველი სამხედროების მიზანს შენობის შტურმით დაკავება, მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირება, მათი განადგურება და მძევლების უვნებლად გათავისუფლება წარმოადგენდა.
სწავლების „ტროას ნაკვალევი“ ქართველ და ამერიკელ მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი“ (Trojan Footprint) ხუთი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდებოდა და მასში მონაწილეობას 10 ქვეყანა იღებდა. საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ერთმა ქვედანაყოფმა რუმინეთში გამართულ წვრთნებში მიიღო მონაწილეობა, ნაწილმა კი, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მომზადება საქართველოში გაიარა. სწავლებას ამერიკელი ინსტრუქტორები აკვირდებოდნენ, რომლებმაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები მრავალეროვნულ სწავლებაში „ტროას ნაკვალევი“ მონაწილეობას წელს პირველად იღებდნენ. სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, გამოცდილების გაზიარება და მზადყოფნის დონის ამაღლება იყო.