15-05-2021
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები შეუფერხებლად, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს.
დასავლეთ საქართველოში მობილიზებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მონიტორინგს და მავნებლის კონტროლის ღონისძიებებს უსაფრთხოების წესების დაცვით ატარებენ. იმ ტერიტორიაზე, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ჯგუფები „მოიზიდე და გაანადგურე" სადგურების მეშვეობით წერტილოვან შეწამვლას ახორციელებენ.
დასავლეთ საქართველოში - სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში 2500-ზე მეტი ფერომონიანი დამჭერი და 2300-ზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე" სადგური დამონტაჟდა; საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა მეთხილე ფერმერებსა და მეფუტკრეებთან.
ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან; ღონისძიებები მათთან კოორდინაციით იგეგმება. მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მოსახლეობასა და ფერმერებს მოუწოდებენ ჩართულობისაკენ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის რაოდენობა. ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge და SMS შეტყობინების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია წამლობის დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017 წლიდან ახორციელებს. სახელმწიფოს მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის რაოდენობა დასავლეთ საქართველოში და მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა. ამავდროულად, მინიმუმამდე შემცირდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და ფერმერებმა თხილის, სიმინდისა და ციტრუსის ხარისხიანი და უხვი მოსავალი მიიღეს.