გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობენ, სემინარი "საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები" გაიმართა

15-05-2021

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გამართული სემინარის მონაწილე 30-მდე ახალგაზრდას მთავარი მოხსენებით მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირის როლზე საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მიმოიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის განვითარება და ამ პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები. თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებს შერიგების პოლიტიკის, ასევე სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა და მათი ჩართულობის როლი შერიგების პროცესსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში.

სემინარზე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ რაიან ჰარკერ ჰარისმა.

„ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაციის ფონზე, რომლის უმძიმეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ თუ ადამიანის უფლებრივ გამოწვევებს, თან ახლავს მძლავრი რუსული პროპაგანდა, რომელიც მიმართულია მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ახალგაზრდებისთვის და საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და პრიორიტეტებზე. სწორედ ამას ემსახურებოდა დღევანდელი სემინარი, რომელიც ჩატარდა საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დღესდღეობით სარგებლობენ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში გახსნილი საგანმანათლებლო გამარტივებული პროგრამებით და დღეს მოღვაწეობენ, სწავლობენ და აგრძელებენ თავიანთ აკადემიურ საქმიანობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. მადლიერება მინდა გამოვთქვა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის"- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ერთდღიანი სემინარის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ ნატოს დაარსების გარემოებებზე, მის ამოცანებსა და მიზნებზე, ნატოს როლზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკასა და თანამშრომლობის მექანიზმებზე, ევროკავშირის ისტორიულ განვითარებაზე, ასოცირების შეთანხმებასა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. ახალგაზრდებმა სემინარზე ასევე ინფორმაცია მიიღეს ანტი-დასავლური პროპაგანდის ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებსა და გამოწვევებზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930