გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გონიოს ციხეში არქეოლოგებმა კიდევ ერთ ფრაგმენტულ მოზაიკას მიაკვლიეს

17-05-2021

გონიო-აფსაროსის პოლონურ-ქართულმა ექსპედიციამ გონიოს ციხეში გათხრითი და კვლევითი სამუშაოები განაახლა. მეცნიერების ყურადღების ცენტრში ისევ აბანო (ბალნეუმი) და გარნიზონის მეთაურის სახლი (პრეტორიუმი) მოექცა.

რამდენიმე წლის წინ აღნიშნულ არქეოლოგიურ ძეგლზე სწორედ ამ ნაგებობების ნანგრევებში აღმოჩნდა პირველი რომაული იატაკის მოზაიკა. მიმდინარე წელსაც კიდევ ერთი ფრაგმენტული მოზაიკა იქნა აღმოჩენილი.

მთლიანობაში აღნიშნული ნაგებობებიდან ჩვენ უკვე გვაქვს ერთი კარგად შემორჩენილი და ორი ფრაგმენტული მოზაიკა. გარნიზონის მეთაურის სახლში მდიდრული აღმოჩენების ამგვარი აკუმულაცია დიდ იშვიათობას წარმოადგენს. პრეტორიუმი თარიღდება ახ. წ. მე-2 საუკუნის პირველი ათწლეულებით და დიდი ალბათობით ფლავიუს არიანეს აფსაროსში ვიზიტთან და ყოფნასთან უნდა იყოს დაკავშირებული. იმპერატორ ადრიანეს პირადი მეგობარი, არიანე, კაპადოკიის გუბერნატორი იყო. მან კოლხეთის სანაპიროზე არსებული რომაული გარნიზონების ინსპექტირება ჩაატარა და მისი ეს მოგზაურობა როგორც მწერალმა აღწერა. სწორედ ამ აღწერილობის წყალობით ვიცით რომ ეს მაღალი საიმპერატორო სტატუსის მქონე პირი პირადად ესტუმრა აფსაროსის ციხეს. დიდი ალბათობით ის აქ რამდენჯერმე დარჩა და ცხოვრობდა ისეთ სახლში რომელიც მისი მაღალი სტატუსის გათვალისწინებით შესაბამისად იყო მომზადებული.

ერთობლივი პროექტის ხელმძღვანელები არიან პროფესორი შოთა მამულაძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და რადოსლავ კარასიევიჩ-სციპიორსკი (ვარშავის უნივერსიტეტი).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930