17-05-2021
დღეს ხელმოწერილი შეთანხმება იმ დიდი მხარდაჭერის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს საქართველოს - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
როგორ მან აღნიშნა, პროექტის მიზანია, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარება.
„მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის რანგში ძალიან მახარებს დღეს აქ ყოფნა და ხელის მოწერა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შეთანხმებაზე. პროექტი იმ დიდი პაკეტის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მსოფლიო ბანკი უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად, რათა მოხდეს მათი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა. პროექტის მეორე მიზანია, მთავრობის ხელშეწყობა მიზნობრივი საბიუჯეტო დახმარების სახით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის გზით. პროექტის მესამე და დასკვნითი მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ხელშეწყობა, რომლებზეც პანდემიამ განსაკუთრებით საზიანო გავლენა იქონია. მახარებს იმის აღნიშვნა, რომ ეს პროექტი საშუალო და გრძელვადიან, პოსტ-პანდემიურ პერიოდზეა გათვლილი. ქვეყანაში ამჟამად ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს, აქტუალური ხდება ფინანსებზე წვდომა და მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან. მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს სწრაფი გადახდები და ციფრული ოპერაციები და სამომავლოდ, მოხდეს მათი ხელშეწყობა. მინდა მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. განსაკუთრებით, „აწარმოე საქართველოში" სსიპს, პროექტის განხორციელებისათვის და საქართველოს ეროვნულ ბანკს ძლიერი პარტნიორობისა და ამ პროექტის რეალიზებისათვის," - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო მიიღებს 85 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან, გრძელვადიან ფინანსურ რესურსს პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად. იმავდროულად, პროექტი ითვალისწინებს ახალი, მყისიერი გადახდების სისტემის ჩამოყალიბებას, რაც საფინანსო სექტორში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას ნიშნავს.