17-05-2021
„მსოფლიო ბანკი ჩვენი ტრადიციული პარტნიორია, რომელიც ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაში გვეხმარება. აღნიშნული ფინანსური რესურსით მოხდება „აწარმოე საქართველოში" პროგრამების გაფართოება, გაძლიერება და მოცულობის გაზრდა," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკთან დღეს გაფორმებული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად 85 მლნ ევროს შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს.
პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი გააძლიერებს და გააფართოებს „აწარმოე საქართველოში" სააგენტოს მიერ განხორციელებულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროგრამებს. მიკრო და მცირე ფირმების პირდაპირი დახმარება „აწარმოე საქართველოში"-ს მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით შეთავაზებული გრანტებით გამოიხატება.
მეორეს მხრივ, მცირე და საშუალო საწარმოები შეძლებენ „აწარმოე საქართველოში"-ის დახმარების მიღებას მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებით, რაც შეამცირებს სესხთან დაკავშირებულ ხარჯებს და გავლენას იქონიებს ლიკვიდურობის უშუალო შეზღუდვებზე. ისინი ასევე მიიღებენ სარგებელს საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით ნაწილობრივ საკრედიტო გარანტიებთან წვდომით, რომლებიც შექმნილია გირავნობის მაღალ მოთხოვნებზე და საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილ რისკის თავიდან აცილების მოთხოვნებზე რეაგირებისთვის.
მსოფლიო ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების ახალი პროექტის მიზანია, ამ ტიპის საწარმოების დახმარება, მათ შორის, ციფრული მომსახურების გაუმჯობესებისა და ფინანსური ინფრასტრუქტურის განახლების უზრუნველყოფის გზით.