გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირის მხარდაჭერით განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს

18-05-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. დოკუმენტი შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასთან და ევროკავშირის სტანდარტებთან.

2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იქნება სამინისტროს საქმიანობის მთავარი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს: ბავშვთა სკოლამდელი აღზრდა, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება, ზრდასრულთა განათლება და მეცნიერება. ახალ სტრატეგიაში ინტეგრირებული იქნება განათლებისა და მეცნიერების სფეროში ევროკავშირის რეკომენდაციები და ყველა საერთაშორისო ვალდებულება.

სტრატეგიის შემუშავების პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, მოადგილეებმა ნუნუ მიცკევიჩმა და თამარ ქიტიაშვილმა, ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელმა ტიბორ დრაშკოვიჩმა და სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და დარგობრივი დეპარტამენტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს 2022-2032 წლების სტრატეგიაზე მუშაობას. მოგეხსენებათ, განათლებისა და მეცნიერების განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს და, შესაბამისად, ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა განათლების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფის, ასევე, კარგი მმართველობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის განმტკიცებას. 10-წლიანი სტრატეგიის შემუშავება დიდი პასუხისმგებლობაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის, თუმცა გვჯერა, პარტნიორების მხარდაჭერითა და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული სტრატეგიის შემუშავებას“- განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

სამუშაო შეხვედრის პირველ დღეს მონაწილეებმა, განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიის სამიზნე მიმართულებები გამოკვეთეს და 2032 წლისთვის მისაღწევი ძირითადი შედეგების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრის მეორე დღე დაეთმო სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგიაზე მუშაობას და დარგობრივი მიმართულებებით განსახორციელებელი საქმიანობის დაგეგმვას.

„სრულად ვიზიარებ შეხვედრის მონაწილეების მოსაზრებას, რომ სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარებას სჭირდება ყველა ჩართული მხარის აქტიური მონაწილეობა და თანამშრომლობა. სტრატეგიის შემუშავების პროცესიც შესაბამისად არის დაგეგმილი. მოხარულები ვართ, რომ პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში საშუალება გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ამ რთულ პროცესში და ხელი შევუწყოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს“- განაცხადა ტიბორ დრაშკოვიჩმა.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, ევროკავშირის ორი პროექტის – „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და „უნარების განვითარება დასაქმებისთვის“ – ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულები მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ ექსპერტები და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს წარმომადგენლები.

განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიის საჯარო განხილვის შემდეგ 2021 წლის ბოლომდე მოხდება მისი დამტკიცება.

განათლებისა და მეცნიერების სფეროს განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ 2020 წლიდან თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და აქტიურად განაგრძობს „განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია 2022-2032“ შემუშავების პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930