18-05-2021
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტად ბელგიაში იმყოფება, სადაც ნატოს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრებს მასპინძლობს. თავდაცვის ძალების მეთაურმა ვიზიტი აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) მეთაურთან-მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალთან ევროპაში (SACEUR) გენერალ ტოდ ვოლტერსთან შეხვედრით დაიწყო.
შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ ტოდ ვოლტერსს აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ საქართველოსთვის გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, მათ შორის განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ახალ ინიციატივებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტიანად განხორციელებასა და ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებასა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივას - ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC), რომელიც წარმატებით ახორციელებს როგორც ეროვნულ, ასევე მრავალეროვნულ სწავლებებს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიან გეგმებზე და რეფორმების მთავარ მიმართულებებზე.
გენერლებმა შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP). განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს კონტრიბუცია წარმოადგენდა. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს.
ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის ძალების მეთაური უცხოელ კოლეგებს შეხვდება და ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრება.