გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კულტურის სამინისტრო მუზეუმების საერთაშორისო დღეს ორი მთავარი სიახლით აღნიშნავს

18-05-2021

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და ორი სიახლის შესახებ განცხადება გააკეთა.

1. სამხატვრო აკადემიის სტუდენტები იწყებენ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენის პროცესში მონაწილეობას

მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა, რომ 20 აპრილს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გამართულ ბრიფინგზე მან ამ მუზეუმის აღდგენა დააანონსა. 18 მაისს კი, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, სამინისტრო აცხადებს, რომ ხელოვნების მუზეუმის აღდგენის პროცესში ახალი თაობა - სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის, სახვითი ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაცია/კონსერვაციისა და სხვა სპეციალობების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 50-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთვება. ასევე, მუზეუმის აღდგენის პროცესში ჩაერთვება ის რამდენიმე ახალგაზრდაც, რომელიც მინისტრის 20 აპრილის მოწოდებას კულტურის სამინისტროს სისტემის გარედან გამოეხმაურა და ამ საშვილიშვილო საქმეში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ახალგაზრდები შესაბამისი კვალიფიკაციის უფროსი ასაკის პროფესიონალების ზედამხედველობის ქვეშ იმუშავებენ და მათი პირველი ამოცანა ფონდების აღრიცხვა, შესაბამის ჟურნალებში მითითებულ მონაცემებთან რეალური მონაცემების შეჯერება და იმის დადგენა იქნება, თუ რა ინახება ამჟამად ხელოვნების მუზეუმის შესაბამის ფონდებში. დანაკლისი ცალკე აღირიცხება და გატარდება კანონით დადგენილი ღონისძიებები. საბოლოო ჯამში კი თითოეული ექსპონატის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პასპორტიზაცია უნდა მოხდეს და ფონდების მართვაც მკაცრად გაწერილ პროტოკოლსა და თანამედროვე მენეჯმენტს უნდა დაექვემდებაროს. ამავდროულად, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მიიღებენ უნიკალურ გამოცდილებას, რაც მათ სასწავლო პროცესში კრედიტების მიღების საშუალებას მისცემს, ხოლო მომავალში წარმატებულ პროფესიულ საქმიანობაში შეუწყობს ხელს.

2. ეროვნული გალერეა (ე.წ. ცისფერი გალერეა) იხსნება მხატვრებისათვის

საქართველოს კულტურის მინისტრმა ეროვნული გალერეიდან მხატვრებს მიმართა და აცნობა, რომ მათი მრავალწლიანი თხოვნა დაკმაყოფილებულია და ე.წ. ცისფერი გალერეა მხატვრებს უბრუნდება. გალერეაში კვლავ იქნება შესაძლებელი როგორც ცნობილი მხატვრების, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრების გამოფენების მოწყობა. სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას 2021 წლის საგამოფენო კალენდარი ეროვნული მუზეუმის მიერ უკვე შევსებული დახვდა, რაც ბუნებრივია. მიუხედავად ამისა, ახალშექმნილი სამინისტროს ძალისხმევით, 2021 წლის გეგმაში ცნობილი მხატვრის ილია პატაშურის გამოფენის შეტანა მაინც მოხერხდა და ის მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში გაიმართება მხატვრის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად. 2022 წლის კალენდარზე მუშაობა კი, მინისტრის განცხადებით, დღეიდანვე დაიწყება და მხატვართა გამოფენების კალენდრის შედგენის მთავარი პრინციპი ღიაობა და გამჭვირვალობა იქნება. მოცემულ საკითხზე სამინისტროში ხელოვნებათმცოდნეებისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი იმუშავებს, რათა გადაწყვეტილებები იყოს კვალიფიციური, ობიექტური და მეტად დასაბუთებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930